თმა
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. წამოვედი კახეთიდან "დიდ ქალაქში". გზაში მყოფს დედამ დამირეკა და მითითებების კორიანტელში გამხვია. საუბრის ბოლოს ის იყო ველოდი, ახლა იმასაც მეტყვის "-ავტობუსი რომ გაჩერდება მერე ჩამოდიო". მაგრამ გადავრჩი - არ უთქვამს. ეტყობა გამოვედი იმ ასაკიდან მსგავსი დარიგება რომ მჭირდება მეთქი გავიფიქრე. გავიხარე, გავიზარდე და დავჭკვიანდი ეტყობათქო... რომ დედის სიტყვებმა ოცნებას მომწყვიტა - სალონში შედი და თმები დაივარცხნეო. უფრო მუქარა იყო ვიდრე დარიგება. მეტი რა გზა მქონდა უნდა შემესრულებინა.
ჩამოვედი. მოვუყვებოდი ქუჩას სადაც ერთმანეთის მიყოლებით სალონები იყო გახსნილი. ჩავუარე ორს და გავჩერდი მესამესთან. შევიხედე, რაღაც არ მომივიდა თვალში. გავაგრძელე გზა და გავჩერდი მეოთხესთან, იქაც შევიხედე და დავინახე ბიჭი იჯდა. არ შევედი. ისევ გავაგრძელე გზა. გავჩერდი მეხუთესთან, შევიხედე ქალი ჟურნალს ათვალიერებდა. სხვა არავინ ჩანდა. გული არც იქ მიმივიდა, მაგრამ ფეხები თვითნებურად შევიდნენ. მაინც სულ ერთიამეთქი გავიფიქრე, რადგან დედამ დამაბარა უეჭველი უნდა შევასრულოთქო.
შევედი და მარტივი თხოვნით მივმართე. "-მუსი დამასხით და უკან ამიპრიხეთ". სტილისტი სიხარულით წამოიჭრა ფეხზე. სავარძელზე დამსვა და ყელზე წინსაფარი რომ შემომახვია, მაშინ მივხდი ვერ იყო ჩემი საქმე კარგად. გავუმეორე თხოვნა, მარტო მუსის დასხმა მინდა მეთქი.
და მერე რაც მოხდა ის იყო საოცრება.
ქალმა მთელი მონდომებით დაიწყო ჩემი მოკლე და ხვეული თმის ვარცხნა: მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან და უკნიდან წინ. ყველა ტიპის სავარცხელი გამოიყენა. ქაჩავდა და ცდილობდა თმის გასწორებას. ამ ყველაფერს ისეთი მანერებით აკეთებდა რომ ვუყურებდი მეცინებიდა. თავი რომელიღაც თეატრის საგრიმიოროში მეგონა. ის აშკარად ვერ ამჩნევდა ჩემს ღიმილს. უფრო და უფრო აზარტში შედიოდა და მეც ღიმილი ხარხარში გადამდიოდა. ჩემი რეაქცია უხერხული იყო და რომ არ მეწყენინებინა გამოსავალი მოვიფიქრე. თვალები დავხუჭე და სარკეში ვეღარ ვხედავდი. ღიმილი მაინც ვერ ჩამოვიხსენი სახიდან. რაც მთავარია ისტერიკულ სიცილში არ გადამსვლია.
თმის გამოქაჩვის და გასწორების თავისი მეთოდი ჰქონდა, ბოლოში შეხტემით ბოლოვდებოდა. 5 სანტიმეტრი სიგრძის ხვეული თმის გასწორება მისთვის პრინციპის საგნად იქცა და უშველებელი ფენი მოიშველია. გულში ვფიქრობდი რატომ დედაჩემი არ გიყურებს თუნდაც ცალი თვალით, რას გაიხარებდამეთქი.
15 წუთი რომ გავიდა და ფენით გასწორებულ და დაბუგულ თმებზე მუსი შემაზილა, როგორც ამას მე მოვითხოვდი, თმა ისევ დაიხვა. ის იყო ვიგრძენი ჩემი ფეხები თვითნებური გაქცევისთვის როგორ მზად იყვნენ რომ ჩარევა გადავწყვიტე, თორემ ვერ დავამთავრებდით კარგად. სტილისტი ისე იყო როლებში შეჭრილი ფენი ძლივს გავაგდებინე ხელიდან. "მარტო მუსი წამისვით მაგას მაინც არაფერი ეშველებამეთქი" ვთხოვე და წინდაფარი მოვიხსენი. თან ვუთხარი მეჩქარება და მალე გამიშვითქო. სტილისტი უხალისოდ დამნებდა, ეტყობა იფიქრა თმაზე უფრო ჯიუტი მე ვიყავი და როგორც იქნა თავი დავაღწიე.
ეხ, ჩემი დრო ამაოდ ხომ შეიწირა, რაც შევედი ისევ ის გამოვედი. ბოლოს იმდენი ლაქი დამასხა სახეზე ხელები ავიფარე. კალთაში დადებულ ტელეფონს ეკრანზე კი იმსისქე ფენად დაეფინა სანამ არ გავრეცხე სენსორი არ უმუშავებდა. თავისი საქმის მსგავსი ფანატიკოსი მეორე არ მინახავს.
ფული და მადლობა ერთად გადავუხადე და უკანმოუხედავად გამოვვარდი სალონიდან. ლამის გუინპლენის ღიმილი მეკრა სახეზე. მოვუყვებოდი სალონებიან ქუჩას და მათკენ გახედვაც არ მინდოდა.
"გალამაზების" მცდელობა იმით დასრულდა, რომ თმის ლაქის სუნით შეწუხებულმა სუნამო გადავივლე თავზე. მერე ერთი ჭიქა თეთრი ღვინო დავლიე და გადამავიწყდა კიდეც.
Comments
Post a Comment