მკითხავი
კარი გაიღო და ქალი გამოვიდა. გრძელი შავი კაბა ეცვა. შიშველი ფეხები ჰქონდა და ნელი სვლით, მოკლე ნაბიჯებით მიიწევდა წინ. გზა რომელსაც შიშველი ტერფებით გადიოდა მხოლოდ მისი იყო - მისი გასავლელი. ემოციებით, გრძნობებით და იმედებით სავსე მიიწევდა წინ. დერეფანში მიმავალი შიშველი ფეხები იყო სიმბოლო გაყრის და შეერთების, მიახლების და განშორების.
***
სავსე მთვარე იყო. ფარდები გადასწია. ოთახში შუქი ჩააქრო. პატარა მაგიდაზე სამი სანთელი დადგა. დაანთო. მათ შუაში გამჭვირვალე ჯამით წყალი ჩადგა და შელოცვის ბუტბუტი დაიწყო.
კოსმიური ძალების გამოსახმობად შესაფერისი დრო იყო. მას შური უნდა ეძია. დამცირებას და შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. სასტიკად დასჯიდა და აზღვევინებდა იმას რომ მოატყუეს. მეტი არც არაფერი ახსოვდა, მისი გონება სრულად იყო მოცული ბრაზით და ბოღმით. უნდოდა აღესრულებინა ჩანაფიქრი და შედეგით დამტკბარიყო. მხოლოდ ეს თუ დაამშვიდებდა.
ბავშვობაში ბებიამ პატარა ლოცვა ასწავლა და უთხრა, თუ ამ ლოცვას სავსე მთვარის დროს იტყოდა და სურვილს ჩაუთქვამდა, აუცილებლად შეუსრულდებოდა.
დაარიგა, თუ ვინმე გააბრაზებდა ამ შელოცვის წყალობით მისთვის სამაგიერო მიეზღო. ბებიამ ისიც უთხრა, ეს ლოცვა ბედნიერი ქორწინების შექმნაში დაგეხმარებაო. „ბალზაკის ასაკს“ ისე მიაღწია არ გათხოვილა. ლოცვასაც მხოლოდ სხვების დასასჯელად წარმოსთქვამდა და ამართლებდა კიდეც. მისი ჩათქმული სურვილები ყოველთვის სრულდებოდა. ადამიანს რომ დაწყევლიდა მისი საქმე უკუღმა ტრიალს იწყებდა. ის კი ამით იყო ბედნიერი. მარტო იყო, არავინ ჰყავდა, არც ვინმე სჭირდებოდა. ის იმ ხალხის გამწარებით იკვებებოდა, რომლებმაც აწყენინეს. კეთილი სურვილები არასდროს ახსენდებოდა, რადგან მიაჩნდა, ყველაფერს კარგს იმსახურებდა და ამას შელოცვა არ სჭირდებოდა.
ეს ბოლო შემთხვევა კი ძალიან მძიმე იყო. ასეთი რამ მანამდე არ გადახდენია. ამიტომ არც დაფიქრებულა წყევლისთვის საჭირო ნივთები სწრაფად მოაგროვა. სავსე მთვარე და შუა ღამე შესაფერისი დრო იყო.
ლოცვის ბუტბუტი დაიწყო. გაურკვეველ, უშინაარსო სიტყვებს იმეორებდა, თითქოს არარსებულ ენაზე საუბრობდა: - „მომენა ბონა თადუნა, ნამიადა დუნდა ბოქოლი. დუბო მუნილა ნუბემა, თადუნა თაბო თაქოლი. თაბოო, თაბოო ნამიადა დუნდა ბოქოლი“. შელოცვა სამჯერ გაიმეორა და ჯამში სანთლის დიდი ბეჭედი ჩააგდო, შემდეგ ხელი მაღლა ასწია და ბუტბუტით „თაბოო, თაბოო ნამიადა დუნდა ბოქოლი“, მეორე უფრო პატარა ბეჭედიც ჩააგდო. სანთლის რკალი ფრთხილად დაეშვა შუშის ჯამის ფსკერისკენ და დიდი ბეჭდის შუაგულში ჩავარდა. ეს არ იყო კარგის ნიშანი. თითქოს ბეჭდები გაერთიანდა. ქმედების გამეორებას აზრი არ ჰქონდა, რიტუალი უნდა გაეგრძელებინა. ხელი ჩაყო წყალში და დიდი ბეჭედი ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და სურვილები ჩაუთქვა. ყველა შესაძლო სატანჯველი ჩამოთვალა რომელსაც ბნელი ძალების დახმარებით საძულველ ადამიანს უგზავნიდა. ბეჭდის ნახევარი რომ დაიწვა, ხელი ისევ მაღლა აღმართა და წყალში ჩააგდო. ბეჭდის ნარჩენმა ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალება მოასწრო და წყალში ნელა ჩაეშვა, ჩაცურდა, პატარა ბეჭედს მარჯვნიდან დაეცა და მისით ისევ გამთლიანდა. არც ეს ენიშნა კარგად. ბეჭდები თითქოს ერთმანეთს ვერ დააშორა, გაანახევრა მაგრამ მაინც გამთელდნენ. ახლა შელოცვის მგზნებარედ წარმოთქმაზე გადაიტანა ყურადღება. ძალები მოიკრიბა, ხელები მთვარისკენ გაიშვირა და ლოცვა წარმოსთქვა. მეორედ რომ იმეორებდა გრძნობდა რამხელა ენერგეტიკა მოდიოდა მასთან, თითებით იზიდავდა ამ ძალებს და მესამედ გამეორებული ლოცვის შემდეგ, აკანკალებული ხელებით მოზიდული ენერგია წყალში ჩაისროლა. თითქოს სიმძიმე ჩავარდა ისე შეირხა წყლის ზედაპირი. მერე დრო დაინიშნა, 13 წუთი ჩუმად იჯდა, არც განძრეულა შემდეგ კი ადგა და მაგიდა მიალაგა.
რიტუალი ჩატარებული იყო. ახლა მხოლოდ მოთმინება სჭირდებოდა რომ დაეცადა რა მოხდებოდა და მერე ამით დამტკბარიყო. ეზეიმა გამარჯვება.
დაწვა მაგრამ ვერ დაიძინა. რაღაც მოსვენებას არ აძლევდა. მთელი ღამე იფიქრა ვაითუ არ გაემართლებინა წყევლას, მაშინ მეორე სავსე მთვარის დადგომისთვის უნდა დაეცადა. მას კი ძალიან ეჩქარებოდა. ფიქრში ერთი კარგი აზრი მოუვიდა. დილას მკითხავთან წავიდოდა და გაარკვევდა გაამართლებდა თუ არა ჩატარებული რიტუალი.
მაინც ვერ დაიძინა. დილის შვიდ საათზე ოფლით გაწუწული, დაღლილ-დაქანცული წამოდგა და აბაზანაში შევიდა. ცხელმა წყალმა ძალები აღუდგინა. გაემზადა და სახლიდან გავიდა.
დილის რვა საათი იყო მკითხავის კარზე რომ მოურიდებლად აბრახუნებდა. გაოცებულმა შუახნის ქალმა გაუღო კარი.
- ეკა?! რა მოხდა ხომ მშვიდობა გაქვს?!
- მშვიდობა რომ მქონდეს აქ რა მომიყვანდა?! კარტი უნდა გამიშალო!
- ჯერ ძალიან ადრეა.
- მერე არ გეცლება, შენ სულ ვიღაც გყავს ჩაწერილი, მე კი დრო არ მაქვს.
- შენ მიგიღებ.
- არა, აქედან არ წავალ სანამ არ მიმკითხავებ.
- კარგი შემოდი. - კარი გაუღო და სამზარეულოსკენ გაუძღვა. ყავა მაინც დავლიოთ.
- არა, უზმოზე უნდა გამიშალო კარტი. ხელებიც არ დაიბანო. - მკითხავმა გაკვირვებით შეხედა. არ იყო ძნელი მისახვედრი რომ ეკას საკუთარის თავის კონტროლისთვის ძალა არ შესწევდა. ამიტომ აღარ შეეკამათა.
- კარგი, გამომყევი.
- ახალი კარტი გაქვს?
- ძველს რას უწუნებ?
- ახალი კარტით მინდა რომ მიმკითხაო. ძველმა შეიძლება სხვა კლიენტების ცხოვრების დეტალები აურიოს.
- სუსულელეა!
- გააკეთე რაც გითხარი! - მკითხავმა კარადიდან ახალი ბანქოს კოლოფი გამოიღო და მისი თანდასწრებით გახსნა.
- რა მოხდა მითხარი.
- ერთმა გამაბრაზა. გამომიყენა. მომატყუა და მერე მიმაგდო. ხოდა უნდა დავსაჯო. წყევლა უკვე შევუკვეთე სავსე მთვარის კოსმიურ ძალებს. ახლა მინდა დავრწმუნდე რომ ნამდვილად დაისჯება.
- ისე გაგაბრაზა რომ დაწყევლე?
- ხო დავწყევლე და აუცილებლად აუსრულდება. სხვებს თუ აუსრულდათ მასაც აუცილებლად აუსრულდება და ნახავს როგორ ვაზღვევინებ ჩემი გამწარებისთვის.
მკითხავმა ზედმეტი ბანქოს ქაღალდები ამოიღო და კარგად აურია. მერე მაგიდაზე მიყოლებით ცამეტი ქაღალდი დადო. მესამე "ვალეტი" გული ამოვიდა მეცხრე "დამა" ყვავი, მეთერთმეტე "დამა" გული და მას მოყვა ორი გულის ბანქო.
- თქვი! დროზე თქვი.
- არ გითქვამს ეგ კაცი თუ ცოლიანი იყო.
- მე ისიც არ მითქვამს რომ კაცია... ჰო ცოლიანია.
- შვილებიც ჰყოლია.
- ჰო. მერე?
- აქ ისეთი არაფერია, ცამეტი კარტიდან ხუთი ჯვარია. შენსა და იმ ქალს შორის ორი ჯვარია. შენსა და იმ კაცს შორის კი სამი ჯვარი.
- მერე ეგ რას ნიშნავს.
- ეს ნიშნავს რომ შენ მათ ვერაფერს დააკლებ. გვერდით რომ რვიანი ყვავი გიდევს ეს შენი ტანჯვაა.
- მიდი თავიდან გაშალე! - ეკამ მაგიდას ორივე ხელი მოუსვა და ბანქო ერთად შეაგროვა. - ახლა მე მოვჭრი. სამჯერ მოვჭრი.
მკითხავმა ბანქო კარგად აურია, შემდეგ გაბოროტებულ სტუმარს სამჯერ მოაჭრევინა და მაგიდაზე ისევ ცამეტი ქაღალდი დადო. მეორე ჯერზე ისევ ამოვიდა "დამა" გული, რომელიც გულის "ვალეტს" ედგა გვერდით. მის შემდეგ სამი ჯვრის ქაღალდი იდო და ბოლოში ყვავის ქაღალდებით შემოსაზღვრული ყვავის ქალი ამოვიდა. სულ ბოლო მეცამეტე "კარტი" კი ექვსიანი აგური იყო. ეკას სახე აერია. ბანქო კარგს არაფერს ეუბნებოდა.
- თქვი რა ხდება?!
- შენც ხომ ხედავ რა ხდება?! ამ ქალს ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვს ახლოს არაფერს მიუშვებს. ყველაფერს უკან დაგიბრუნებს წყევლასაც, ჯადოსაც. ხედავ ჯვრებს მის გვერდით?! ეს მისი ფარია. ვერაფერს დააკლებ.
- რას ქვია ვერაფერს დავაკლებ?
- ამ ქალს ფარი აქვს. იცავს თავის ქმარს. უნდა შეეშვა თორემ დაიტანჯები. - უთხრა და ყვავის ქალზე მიუთითა. შემდეგ თითი გვერდზე გაწია და ყვავის ქაღალდს დაადო, მერე მეორე გვერდზე დადებულ ყვავის ქაღალდს დაუკაკუნა ფრჩხილი და თქვა, - შენ დაიტანჯები, თან ძალიან. მათ კი ვერაფერს დააკლებ. უნდა წახვიდე. კეთილი გზა გაქვს. აი ნახე ექვსიანი აგური გზის ბოლოს ამოგივიდა. დაუკვირდი კარტების განლაგებას. შენი ქმედებები მათ ვერაფერს დააკლებს, შენ დაიტანჯები და ბოლოს მაინც წახვალ. - მკითხავმა გამწკრივებულ ბანქოს თითი გააყოლა. - ჯობია თავიდანვე წახვიდე, თორემ შეიძლება გზის ბოლომდე ვერ მიაღწიო.
- არსად არ წავალ მე! იტყუება შენი კარტი. - მერე მაგიდას ხელი გადაუსვა და ბანქო იატაკზე გადაყარა. - შენ რანაირი მკითხავი ხარ?!
- ხმას დაუწიე! თუ ჩემი არ გჯეროდა რაღას მოდიოდი?!
- მაინც დავსჯი.
- შენ ახლა გაბრაზებული ხარ. წყევლა ყოველვის არ ამართლებს. წყევლა საშიშიც კია მაწყევარისთვის. თუ დაუმსახურებლად წყევლი, ან თუ შენ თვითონ არ ხარ გულწრფელი აუცლებლად უკან დაგიბრუნდება. ჯადოებიც კი უბრუნდებათ უკან.
- მოდი მაშინ ჯადო გავაკეთოთ.
- მე ჯადოებს არ ვაკეთებ.
- მასწავლე და მე გავაკეთებ.
- არ ვიცი, რა გასწავლო?! - მკითხავი დაიხარა და ბანქოს მობოჭვას შეუდგა.
- რაღაც ხომ უნდა მოვიფიქრო, როგორ დავსაჯო?!
- ვერ დასჯი მეთქი ხომ გითხარი. შენი თვალით არ ნახე რამხელა ენერგეტიკა აქვს ქალს?! ის თავის მფარველობაში მოაქცევს ქმარს და შენს წყევლას ახლოს არ მიუშვებს. მანამდე ეყოლება, სადამდეც დაჭირდება. მას ისეთი ფარი აქვს, მასთან ჭიდილს არ გირჩევ. გზა ხომ გამოგიჩნდა. ხოდა თავიდანვე წახვიდე აჯობებს.
- წავიდე და ვაპატიო?
- ბოლოს რომ იყავი ჩემთან ხომ გაგაფრთხილე ახალგაცნობილ ადამიანთან საქმე არ დაიჭირო, მოგატყუებს მეთქი.
- გადავამოწმე.
- რადგან მაინც მოგატყუა, ვერ გადაგიმოწმებია კარგად .
- ხოდა უნდა დავსაჯო.
- შენი საქმისა შენ იცი! მე მითქვამს!
- მიდი კიდევ გაშალე. „მესამე და სამართალი“, „ღმერთი სამობითაა“.
- კარგი გავშალოთ. - მკითხავმა ისევ სამჯერ მოაჭრევინა ეკას ბანქო, შემდეგ კი მაგიდაზე დალაგება დაიწყო, მეორე ქაღალდი გულის ქალი ამოვიდა, მესამე კი ჯვრის მეფე. - მკითხავი გაჩერდა.
- განაგრძე!
- აზრი არ აქვს ეკა, აქ ღმერთია!
- ისევ ეგ ქალი. მკითხავს ხელიდან ბანქო გამოგლიჯა და დარჩენილი 10 ქაღალდის მაგიდაზე დანარცხება დაიწყო. ერთ-ერთი აგურის "ვალეტი" იყო.
- რის გაკეთებას აპირებ? - ჩაეკითხა მკითხავი და აგურის "ვალეტი" ხელში აიღო
- შავ მამალს გამოვიყენებ.
- შეეშვი შავ მაგიას. აი შენი გზა და გაუყევი. - უთხრა და აგურის ვალეტი გადაუგდო. ეკა ფეხზე წამოიჭრა და კარისკენ გაბრაზებული წავიდა. ზღურბლთან შეჩერდა, შემობრუნდა და დაფიქრებული სახით იკითხა:
- ვერ გამიგია ეგ „ანგელინა“ ქალი რატომაა დამა გული, მე კიდევ დამა ყვავი? რატომ ერთხელ არ ამოვიდა დამა აგური?
- იმიტომ რომ როგორც შენ თქვი ეგ ქალი „ანგელინაა“ შენ კიდევ „ჯადო-ქალი“ ხარ. - უპასუხა მკითხავმა და ბანქოს ქაღალდების ერთად შეგროვება დაიწყო. ეკამ განრისხებულმა გაიჯახუნა კარი და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. თან ფიქრობდა და გეგმებს აწყობდა შავი მამალი სად ეყიდა.
მთელი დღე მოანდომა მამლის ძებნას, ვერსად იშოვა. ერთმა გამყიდველნა ისიც კი უთხრა "თეთრი წაიყვანეთ ქალბატონო და შავად შეღებეთო". იმედი რომ გადაეწურა და სულ მთლიანად შავი მამლის შოვნა აბსურდულად ჩათვალა, წითელ, ჭრელფრთიან მამლის ყიდვას დათანხმდა.
შებინდებული იყო, დაღლისგან გასავათებული სახლში მივიდა. ძალების აღსადგენად აბაზანაში შევიდა და ერთი საათი დაიძინა.
შუა ღამეს თითქოს სხვა ქალმა, გრძნეულმა გაიღვიძა...
მაგრამ, მოვლენები ისე არ წარიმართა როგორც ის გეგმავდა. უცნაური ამბები ხდებოდა, რომლებსაც ახსნას ვერ უძებნიდა.
პანიკამ მოიცვა. ერთად-ერთი რაც მოიფიქრა დახმარების სათხოვნელად დარეკვა იყო.
ღამის პირველის ნახევარი სრულდებოდა. მკითხავის მობილურმა გაანათა. ზარს არასდროს ურთავდა ტელეფონს. არც სჭირდებოდა. ყოველთვის წინასწარ გრძნობდა როდის დაურეკავდნენ. გაიხედავდა ტელეფონისკენ და ისიც რეკვას იწყებდა.
იმ საღამოსაც ასე მოხდა. ტელეფონის ძებნა დაიწყო. რომ იპოვა, ზარიც შემოვიდა.
- რა მოხდა? - პირდაპირ ჰკითხა.
- მამალი მოკვდა.
- რომელი მამალი?
- ჯადოსთვის რომ მინდოდა ის მამალი. აბაზანაში მყავდა დამწყვდეული, წყალიც ჰქონდა და საჭმელიც. მივედი და მკვდარი დამხვდა.
- არ იშლი ხომ?!
- გაიგე რა გითხარი?! მამალი მოკვდა!
- გავიგე. არაა ეგ კარგის ნიშანი.
- რას მიშნავს მითხარი.
- როცა მსხვერპლი რუტუალამდე კვდება, ესეიგი ალქაჯებმა თუ ეშმაკებმა შენი შეწირული რიტუალი არ მიიღეს.
-ანუ?
- მოეშვი მაგ საქმესთქო ხომ გითხარი. უკან დაგიბრუნდება.
- როგორ?
- ასე ხდება.
- როგორ? მითხარი! როგორ ხდება?
- შენ ხარ ეგ მამალი!
-...
სუჩუმე დიდხანს გაგრძელდა. შიში მოერია გაბრაზებულ ქალბატონს. ფართოდ გახელილ დიდ შავ თვალებს გამალებით ატრიალებდა. სუნთქვა გაუხშირდა. გულის ფეთქვას ყელში გრძნობდა.
- აპატიე საკუთარ თავს ეს შეცდომა. სხვა ადამიანს კი არა, საკუთარ თავს მიუტევე. გათავისუფლდი დანაშაულის გრძნობისგან. შეცდომებს ყველა ვუშვებთ. შენ ცხოვრება წინ გაქვს და ნუ დაემსგავსები დაგორებულ ქვას. ერთ შეცდომას და ერთ ბოროტ ადამიანს ნუ გადააყოლებ მთელ მომავალს. გათავისუფლდი ეკა, გათავისუფლდი. დამიჯერე. გააგრძელე ცხოვრება და ეს თავგადასავალი მიიღე როგორც გაკვეთილი. მისმენ ეკა?
- კი.
- აპატიე საკუთარ თავს, აპატიე! გულზეც მოგეშვება და სრულფასოვან ბედნიერებასაც იპოვი. არ გინდა ჯადოები, წყევლები და შეკვეთილი სასჯელები. ყველაფერი უკან დაგიბრუნდება. შენს გზას გაყევი და ნუ შეიქმნი ბარიერებს. ვიცი და ამიტომ გეუბნები. ადამიანებს როცა რამე ცუდი შეგვემთხვევა ყოველთვის სხვის დადანაშაულებას და თავის გამართლებას ვცდილობთ. შეცდომა რომელსაც ჩვენ ვუშვებთ სხვისი ბრალი გვგონია. ვერ ვეგუებით და ვერ ვპატიობთ საკუთარ თავს. ეს როგორ დაგვემართა?! ამიტომ გვინდა შური ვიძიოთ სხვაზე და გვგონია ამით სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებთ. ასე არაა დამიჯერე. შურისძიება დანაშაულის გრძნობისგან არ გვათავისუფლებს. სხვისი გამწარებით მხოლოდ თავს ვიმართლებთ. ვამბობთ "- აი დავსაჯე, მიიღო რაც დაიმსახურა!" ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ თავი დავიმშვიდოთ, უფრო სწორად "თვალი დავხუჭოთ" იმ შეცდომაზე რომელიც გვტანჯავს. საბოლოოდ კი იქამდე მივდივართ რომ ვამბობთ "მერე რა?!" გადის დრო და გვგონია დავივიწყეთ ან გავთავისუფლდით. ეს პროცესი რაც უფრო იწელება დროში, მით მეტად ვწვალობთ. ჯობია შენი სამყაროდან დროულად "ჩამოწერო" უსარგებლო ადამიანები და მათდამი გრძნობები , მერე კი სანაგვეზე მოისროლო. სწორედ ესაა პატიება საკუთარი თავის. ამიტომ გირჩევ შენც. იცხოვრე შენი თავით და შენი ცხოვრებით.
- როგორ? მასწავლე!
- გასწავლი! ხვალიდან ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყე. პირველ რიგში გააკეთე ის რაც ყველაზე მეტად გერთულება და რაც შეუძლებელი გგონია. ეს იქნება პირველი საფეხური. ამას რომ შეძლებ მერე ყველაფერს დაძლევ რასაც მოისურვებ...
ეკასთან საუბრის შემდეგ მკითხავი ხელების დასაბანად აბაზანაში შევიდა. შემდეგ საძინებელში ტანსაცმელი გამოიცვალა, გრძელი შავი ქვედაბოლო ჩაიცვა. შავ მაისურზე შავი გრძელი ჟილეტი მოისხა. თავი შავი თავსაფრით შეიბურა და ფეხშიშველი გამოვიდა. დერეფნი გაიარა და პატარა ოთახში შეიკეტა. ოთახი იმდენად პატარა იყო, ადრე ალბათ საკუჭნაოს ფუნქცია ექნებოდა. მოგვიანებით უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის მოეწყოთ. სამი კედელი სრულად ხატებით იყო გაფორმებული. შუაში სამების და უფლის ხატები ეკიდა, მარცხნივ დედა ღვთისმშობლის უდიდესი ხატი და სხვა წმინდანების ჩარჩოში ჩასმული ხატები მოეთავსებინა. მარჯვნივ სრულად სხვადასხვა წმინდანების გამოსახულებები მოჩანდა.
ეს პატარა სამლოცველო იყო, რომლის შუაგულშიც მრგვალ მაგიდაზე ლოცვანი და სასანთლეები ელაგა...
ქალმა ჯერ პატიება შესთხოვა ღმერს, შემდეგ კი შვილების სახელზე სანთელები დაანთო და შეწევნა სთხოვა...
ავტორისგან: ეს არის მოთხრობა ადამიანებზე და მათ წარმოდგენებზე საკუთარ თავზე. მათ რეალურ "მე-ზე" და ცხოვრებაზე, რომლებსაც ისინი ქმნიან.
ეს არის მოთხრობა ღმერთზე - იმ ადამიანბში, სადაც ეშმაკი უნდა ბუდობდეს და ეშმაკზე - იმ ადამიანებში რომლებსაც სათნო - სანატრელი სახე აქვთ.
მაგრამ მაინც ეს მოთხრობა არის ომზე! რომელ ომზე?! თავად მიხვდებით...
ქეთი ბარნაბიშვილი
2018
Comments
Post a Comment