კ ლ ო უ ნ ა დ ა




იყო ერთი კლოუნი: დიდი ფეხსაცმელებით, კუბოკრული შარვლით, ჭრელი პიჯაკით, გაბურძგნული მრავალფერი პარიკით და სახეზე მიხატული ფართო ღიმილით... გამოდიოდა სცენაზე, ჟონგლიორობდა, მალაყებითა და ხტომა-ტრიალით ართობდა მაყურებელს. ერთი ჩემოდანი ჰქონდა, რომელშიც ხუთი პატარა ბურთი, ხუთი კეგლი და ერთიც დასაკეცი ერთთვლიანი ველოსიპედი ედო. დადიოდა ქალაქიდან-ქალაქში. მოედნებსა და დარბაზებში წარმოდგენებს მართავდა და უდარდელად ცხოვრობდა...
ჰაერში ბურთები დაფრინავდა...
ერთი ბურთი, ორი ბურთი, სამი ბურთი, ოთხი ბურთი...
მერე კეგლები აპობდნენ სივრცეს... ერთი, ორი, სამი...
ერთი, ორი. სამი...
დდნ-დდნ, დდნ-დდნ, დდნ-დდნ... მატარებლის ვაგონების რიტმში მიდიოდა წარმოდგენა და მისი ცხოვრებაც ამ რიტმივით მონოტონური იყო...
დრო გადიოდა...  

ერთფეროვანი დღეები, მაყურებელთა ოვაციებით იყო სავსე. გახალისებული ბავშვების გაოცეული თვალები მისი ყველაზე დიდი ჯამაგირი იყო...
ეს მისი სამყარო იყო და თავად იყო მთელი სამყარო. ასე ეგონა და იყო ბედნიერი...
მაგრამ ერთ დღეს...
ქალაქის მოედანზე, ფანტანთან ერთი კლოუნი დაინახა: დიდი ფეხსაცმელებით. გრძელთმიანი წითელი პარიკით, სახეზე მიხატული ფართო ღიმილით და ჭრელი კაბით... უჩემოდნოდ დაწყობილი: ხუთი პატარა ბურთით და ხუთი კეგლით...
ისიც მისნაირი იყო.
არა, არ იყო მისნაირი...
შეხედა... არაო, გაიფიქრა და გვერდით გაიხედა. მერე ისევ შეხედა...
ერთხელ შეხედა, ორჯერ შეხედა, სამჯერ შეხედა და... 

მას მერე სცენაზე ხუთ ბურთთან, ხუთ კეგლთან და ერთთვლიან ველოსიპედთან ერთად ყვავილებით და ბუშტებითაც გამოდიოდა...
შეიცვალა მისი ცხოვრება. სხვა თვალით შეხედა იმ სამყაროს, რომელშიც სრულყოფილი ეგონა რომ იყო. დანაკლისი იგრძნო და ცარიელი ადგილი გამოუჩნდა გულში.
ერთ დღესაც მოედანზე, იმ ქალ-კლოუნთან მისვლა გაბედე. მის წინ თავისი ჩემოდანი დადო, ხუთი ბურთით, ხუთი კეგლით და ერთთვლიანი დასაკეცი ველოსიპედით. ხელით ანიშნა მასში ჩაელაგებინა თავისი ნივთები. უხმოდ, უსიტყვოდ გამოხატა გრძნობები. თავალებით და ხელის გულების გულზე დალაგებით...
მას შემდეგ ჰქონდათ: ათი პატარა ბურთი, ათი კეგლი და ერთი ერთთვლიანი დასაკეცი ველოსიპედი... სცენაზე ერთად გამოდიოდნენ და...
დდნ-დდნ, დდნ-დდნ, დდნ-დდნ... მატარებლის ვაგონების რიტმში მიდიოდა წარმოდგენები და მათი ცხოვრებაც ამ რიტმივით მონოტონური იყო...
დრო გადიოდა...
ერთფეროვანი დღეები, მაყურებელთა ოვაციებით იყო სავსე. გახალისებული ბავშვების გაოცეული თვალები მათი ყველაზე დიდი ჯამაგირო იყო.
ეს მათი სამყარო იყო და თავად იყვნენ მთელი სამყარო. ასე ეგონათ და იყვნენ ბედნიერები...
მერე, ერთ დღეს...
პატარა კლოუნი მოევლინა ქვეყანას...
იყო კლოუნი და გახდა მამა...
განგაშის ზარებმა დაიწყეს რეკვა...
მაყურებელთა აპლოდისმენტები შორიდან, შემოვლით, ექოსავით ჩაესმოდა... ბავშვების ბედნიერ სახეებს და გაოცებულ თვალებს ბუნდოვნად ხედავდა.
აღარ ესმოდა მუსიკა, რომელიც მის გარშემო ჟღერდა...
შეშინდა კლოუნი. უკან-უკან მიდიოდა. ფერად პარიკიან თავს უარყოფის ნიშნად აქნევდა. არა, არა... გამუდმებით იმეორებდა.
განახევრდა მისი ჩემოდანი. დარჩა: ხუთი ბურთი, ხუთი კეგლი და ერთთვლიანი ველოსიპედი.

თვითონ ისევ ისეთი იყო: დიდი ფეხსაცმელებით, კუბოკრული შარვლით, ჭრელი პიჯაკით, გაბურძგნული მრავალფერი პარიკით და სახეზე მიხატული ფართო ღიმილით... ახლა იყო ეს ღიმილი ყველაზე ნამდვილი, მას აღარ ეღიმებოდა... დახრილი ქუთუთოებიდან  გამომზირალი, წლების განმავლობაში ნასწავლი უემოციო გამოხედვა, ახლა ყველაზე უემოციო იყო.  გამოდიოდა სცენაზე, ჯონგლიორობდა, მალაყებითა და ხტომა-ტრიალით ართობდა მაყურებელს... აღარ დადიოდა ქალაქიდან-ქალაში. ერთიდაიგივე მოედნებსა და დარბაზებში მართავდა წარმოდგენებს და... კულისებში ღვინის ბოთლებს ინახავდა...
ქალი კლოუნი ისევ იმ მოედანზე იჯდა და ისევ უჩემოდნოდ ელეგა წინ: ხუთი ბურთი, ხუთი კეგლი და... და, პატარა ხუჭუჭთმიან ბიჭუნას ეთამაშებოდა.
ბიჭუნა ისეთი ნამდვილი იყო... დიდი ფეხსაცმელები ეცვა და კუბოკრული კომბინიზონი... პარიკი არ სჭირდებოდა, თმა ჰქონდა მასავით ხუჭუჭი და მრავალფერი, ყავისფრიდან ქერაში გარდამავალი... არც გრიმი სჭირდებოდა ისეთი ნამდვილი იყო. სახეზე ბუნებრივად ეყარა მსხვილი ჭორფლის ლაქები და მოღიმარი პირიც მუდამ გაღებული ჰქონდა...
მამა მას შორიდან უყურებდა და ეშინოდა...

დედა სულ მუდამ თან ჰყავდა და ერთად იყვნენ ბედნიერები...
დდნ-დდნ, დდნ-დდნ, დდნ-დდნ... მატარებლის ვაგონების რიტმში გადიოდა დრო. მათი ცხოვრებაც ამ რიტმივით მონოტონური იყო...
დრო გადიოდა...
მერე, ერთ დღეს...
მოედანზე, ფანტანის წინ ადგილი დაცარიელდა... უსარგებლო ნივთების გროვად დარჩა: დიდი ფეხსაცმელები, გრძელთმიანი წითელი პარიკი, ჭრელი კაბა და უჩემოდნოდ დაყრილი: ხუთი პატარა ბურთი და ხუთი კეგლი...
ისინი წავიდნენ...
იყო მამა და გახდა კლოუნი...
თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ყველაფერი მირაჟს დაემსგავსა. ბურანი გაქრა და აღარაფერი დარჩა...
კლოუნი სცენაზე გამოდიოდა: დიდი ფეხსაცმელებით, კუბოკრული შარვლით, ჭრელი პიჯაკით, გაბურძგნული მრავალფერი პარიკით და სახეზე მიხატული ფართო ღიმილით. აღარ ჟონგლიორობდა, მალაყებითა და ხტომა-ტრიალით აღარ ართობდა მაყურებელს. ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა. რომელშიც აღარ ელაგა: ხუთი პატარა ბურთი, ხუთი კეგლი და ერთთვლიანი ველოსიპედი, მასში ახლა ღვინის ბოთლები ელაგა... სახეზე სქლად დადებული გრიმი დამსკდარიყო. მიხატულ ფართო ღიმილს ფერი გასვლოდა. დახრილი ქუთუთოებიდან ცრემლი სდიოდა... დადიოდა წინ ხელებგაწვდილი და რაღაცას დაეძებდა... მაყურებლიდან-მაყურებელზე გადადიოდა და უხმოდ, მხოლოდ თვალებით ეკითხებოდა...
სცენის ყველა კუთხეს გულმოდგინედ სინჯავდა...
რაღაცას ეძებდა...
ეძებდა, ეძებდა და ვერ პოულობდა...

ქალაქის მოედანზე საათობით იდგა ხელში ყვავილებით და ბუშტებით.
ვიღაცას ელოდა...
ელოდა, ელოდა, მაგრამ არ მოდიოდა...
ერთფეროვანი დღეები, მატარებლის ვაგონების მოძრაობის რიტმივით მონოტონურად გადიოდა...
მერე ერთ დღესაც...
მაშინ, როცა კლოუნი მაყურებლის წინაშე გამოდიოდა, სასოწარკვეთილი გამოხედვით და მთრთოლვალე ხელებით, სცენის შუაგულში მუხლებზე დაეცა... ყველა მიმართულებით გაიშვირა მუდარაამსახველი ხელისგულები და პირველად მთელი კლოუნადის განმავლობაში ამოიღო ხმა...
-            სადღაც ჩემი სიყვარული დავკარგე... ხომ არ გიპოვიათ?..   არადა აქ იყო - გულში!
ძლიერი, ბოხი ხმა ამოკნავილს ჰგავდა, ნათქვამი კი ღრმად სულიდან ამოკვნესილი განცდა იყო... წინ გაშვერილი ხელები, ნელ-ნელა თავისკენ მიიზიდა და გულზე დაილაგა...
მან ყველაფერი დაკარგა... და რომ დაკარგა, მერე მიხვდა რა დაკარგა...
ყველაფერი...




Comments

Popular posts from this blog

მ ე ხ ა ნ ძ რ ე

მკითხავი

თმა