გამომყევი უბრალოებაში
გამომყევი უბრალოებაში და მე განახებ ბედნიერებას ფეხით სიარულში, სირბილში, კისკისში, დაჭერობანას თამაშით გასწავლი სიყვარულს.
გამომყევი უბრალოებაში და მე განახებ სიხარულს სისადავეში, ხალხში, შინაურ ცხოველებში, ბავშვებში. ცეცხლის პირს სიმინდის ჭამაში და ცხელი კარტოფილით დამწვარ თითებზე სულის შებერვით გასწავლი სიყვარულს.
გამომყევი უბრალოებაში, და მე წაგიყვან იქ სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით და ქარი, თუნდაც ორპირი ან წვიმა, თუნდაც შხაპუნა. ფეხშიშველი ქუჩაში თქეშში ბოდიალით გასწავლი სიყვარულს.
გამომყევი უბრალოებაში, მხოლოდ ზურგჩანთებით რომ მოვიაროთ მთელი მსოფლიო, გზადაგზა ვაგროვოთ სიბერეში მოსაყოლი ამბები. სიმსუბუქესა და სიმარტივეში გასწავლი სიყვარულს.
გამომყევი უბრალოებაში ქვიშიანი ნაპირიდან ზღვის ფსკერამდე. ნიჟარების და ქვების ძებნაში, ცამდე აზიდული მწვერვალების სიდიადეში, თმაში ჩაწნული მინდვრის ყვავილების სინაზეში გასწავლი სიყვარულს.
გამომყევი უბრალოებაში ისე უბრალოდ გამომყევი...
14.08.18
Comments
Post a Comment