"სოხუმი დაეცა!!!"

27 სექტემბერი. სოხუმის დაცემის დღე.

ქვეყნის მეორე ბოლოში ვცხოვრობდი. მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი. ომი მე არ შემხებია, მაგრამ ჩემს ახლობლებს შეეხოთ და ამით გახდა ეს ტრაგედია ჩემი თავგადასავალი.

ეს ამბავი არის 25 წლის ბიჭზე და მის დედაზე.
ეს ბიჭი ბიძაჩემია, მისი დედა კი ჩემი ბებია.


ერთ საღამოს ჩვენთან, კახეთში დედის ნათესავები ჩამოვიდნენ სამტრედიიდან, ქუთაისიდან და ვანიდა. დედას ძალიან გაუხარდა მათთან შეხვედრა. ასე უთხრა, წუხელ სიზმარში ვნახე მერცხლების გუნდი შემომეხვიაო. აი, ამიცხადდა კიდეცო. მეც გამიხარდა, ჩემს 5 წლის ძმასაც. ისინი ომს გამოექცნენ. ყოველ წუთს შეიძლებოდა მათთანაც ჩამოვარდნილიყო ჭურვი.
პირველად მაშინ მივხვდი ომი რომ იყო. მაგრამ ომი რა იყო ეს არ ვიცოდი.
ყოველ საღამოს ოჯახი ტელევიზორთან რომ იკრიბებოდა და ბავშვებს ხმის ამოღების საშუალებას არ გვაძლევდნენ ვერც მაშინ ვხვდებოდი რა მძიმე მდგომარეობა გვქონდა ოჯახში.
მახსოვ თეთრთმიანი ბებიაჩემი როგორ ყურადღებით უსმენდა საღამოს საინფორმაციო გამოშვებას. მკერავი იყო. საქმეს უცებ მოამთავრებდა და ტელევიზორთან ჯდებოდა.
გონებაში ღრმად ჩამებეჭდა გაფაციცებული, ყურადღებამიპყრობილი, დაძაბული სახეები. რომლებიც მნიშვნელოვანი ამბების მოლოდინით ცხოვრობდნენ. საინფორმაციო გამოშვებიდან შემდეგ გადმოცემამდე წუთებს ითვლითნენ.
იმ დღეების ყველაზე მძიმე მოგონება კი 1993 წლის 27 სექტემბერი იყო.
ექვს საათიანმა მოამბემ გადმოსცა - "სოხუმი დაეცა!!!" დავინახე ბებიაჩემმა კალთაზე ხელები როგორ დაირტყა და განწირული ხმით შეჰყვირა "ვაიმე შვილო"...
"სოხუმი დაეცა!!!"...
"ვაიმე შვილო!"...
განა ამას რამე დამავიწყებს?!
მაშინ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს ოჯახში...
ერთადერთი სისუსტე რაც ცხოვრებაში ბებიაჩემს შევამჩნიე იყო ის ამბავი და დღე როცა "სოხუმი დაეცა", ვიგრძენი როგორი უმწეო იყო და არ იცოდა რა ექნა, სად ეძებნა შვილი, ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ის დღე ალბათ უსასრულოდ გაგრძელდებოდა და გაურკვევლობის სიმძიმე მთელს ოჯახს გაგვაწამებდა... იმავე საღამოს ჩემი ძმა ეზოში გავიდა. უკვე ბნელოდა. მალევე შეშინებული შემობრუნდა "მეზობლის ეზოში ვიღაც თავშეხვეული კაცი დადისო". მეზობლის ეზოსთან დამაკავშირებლად, ღობეში პატარა კარი გვქონდა გაჭრილი. დედამ გადაწყვიტა გასულიყო და ენახა ვინ "თავშეხვეული კაცი" დადიოდა იქ. ოთახის კარი რომ გამოაღო კარში ბიძაჩემი იდგა. დედამ შეჰკივლა. ისეთი საშინელი სანახავი იყო შემოსვლას ვერ ბედავდა.
სისხლიანი ფორმა ეცვა. ბინტებს შორის მხოლოდ თვალები მოუჩანდა. სუსტად იყო, "სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოვიპარეო", თქვა. ისიც დაამატა "დედა რომ გაიგებდა სოხუმის დაცემას ვერ გადაიტანდაო".
მერე დიდხანს მკურნალობდა. სახე ტყვიისგან სულ დაცხრილული ჰქონდა.
მის სისხლიან სამხედრო ფორმას სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა ბებიაჩემი. თუმცა არ ვიცი რატომ. ამაზე არასდროს საუბრობდა.

ის ბიჭი მაშინ 25 წლის იყო და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.
ბრძოლის ველიდან გადარჩენილი ჯარისკაცები რომ გამოჰყავდათ, ავტობუსს ჭურვი მოხვედრია და შუაზე გაუხლიჩავს. მარტო მძღოლი და ბიძამეჩი გადარჩენილან, რადგან წინ მსხდარან. დანარჩენი მებრძოლები ადგილზე დახოცილან.

აფხაზეთი ჩემმა ოჯახმაც დაკარგა!...
ტერიტორიულად შორს ვიყავით მაგრამ ომი ჩვენც შეგვეხო.
ტოლვილი არ ვარ მაგრამ, ეს ამბავი ჩემი თავგადასავალია და მეც არანაკლებ ვიგრძენი ომის სიმძიმე.




პ.ს. ის 25 წლის ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურა სამშობლოს უკვე პოლკოვნიკია და 50 წელი ახლახანს შეუსრულდა.
როცა გადაწყვეტს რომ ყველაფერი მიამბოს,  მე აუცილებლად დავწერ რომანს მის გმირობებზე.

Comments

Popular posts from this blog

მ ე ხ ა ნ ძ რ ე

მკითხავი

თმა