ცოდვის შვილი
მის ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები რომლებიც ახსენებდნენ თუ ვინ იყო სინამდვილეში...
***
პირველად 6 წლის იყო ძიძამ "ცოდვის შვილი" რომ უწოდა. მივიდა დედასთან და ჰკითხა, რას ნიშნავდა "ცოდვის შვილი". დედა ჯერ დაიბნა, მერე აუხსნა რომ სისულელი იყო და მაგ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიექცია. იმ დღის მერე ის ძიძა თვალით აღარ უნახავს. სიტყვები კი დაამახსოვრდა. თითქოს "ზურგჩანთა" მოიკიდა წარწერით "ცოდვის შვილი"
7 წლის რომ იყო, სოფელში ვიღაც ნათესავმა მასზე თქვა "ცოდვის შვილიო". ისევ მივიდა დედასთან და ჰკითხა რას ნიშნავს "ცოდვის შვილიო". დედა ისევ გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია და შვილს უთხრა. შურთ შენი ლამაზი რომ ხარ და ქალაქში ცხოვრობ ამიტომ უნდათ რომ გაგაბრაზონო. ნუ მიაქცევ ყურადღებასო. იგრძნო იმ "ზურგჩანთაში" ლოდები როგორ ჩაემატა. ეცადა დავიწყებას. დაივიწყა კიდეც მაგრამ ზურგჩანთა წარწერით "ცოდვის შვილი" მუდამ თან ჰქონდა.
8 წლის იყო დასასვენებლად ბორჯომში წაიყვანა დედამ. იქ ვიღაც უცხო ადამიანების გარემოცვაში ერთი ჭორიკანა ქალის სიტყვები გაიგონა, როგორი ლამაზი ბავშვია ეგ "ცოდვის შვილიო". ისევ მივიდა დედასთან და ისევ უთხრა "ცოდვის შვილს" რატომ მიწოდებენო. დედა თითქოს მზად იყო პასუხი მაშინვე გასცა, - ეს ქვეყანა ბოროტი ადამიანებით არის სავსე და ნუ გაგიკვირდებაო. იმ დღესვე წამოიყვანა დედამ ბორჯომიდან და ზღვაზე წაიყვანა. კარგად გაერთო და გული გადააყოლა. მაგრამ ხვდებოდა - დედა რაღაცას უმალავდა.
9 წლის ასაკში სკოლაში მასწავლებლების საუბარს მოკრა ყური. ჩუმად ნათქვამიდან მხოლოდ ორი სიტყვა გაარჩია "ცოდვის შვილი". იქნებ მასზე არ საუბრობდნენ, მაგრამ მან მაინც თავის თავზე მიიღო. სახლში მისულმა დააპირა ისევ ეკითხა დედისთის, მაგრამ აღარ ჰკითხა. სკოლოდან რომ გადამიყვანოსო შეეშინდა.
10 წლის იყო, საუკეთესო მეგობარს დაშორდა, რადგან მასთან სტუმრობის დროს ბებიამისის სიტყვები გაიგონა. ისევ - "ცოდვის შვილი".
მაინც არ ესმოდა რას ნიშნავდა ეს სიტყვები. დედა კი არაფერს ეუბნებოდა.
მას შემდეგ აღარც მეგობარი ჰყოლია, არც შეყვარებული. ჩაიკეტა და სწავლას დაუთმო მთელი დრო. კითხულობდა წიგნებს და ცხოვრობდა ლამაზ, ფერად სამყაროში. წიგნების გმირები იყვნენ მისი მეგობრები და სიუჟეტის განვითარებაში თავადაც მონაწილეობდა. სახლი სხვა სამყარო იყო, გარეთ სხვა პიროვნებად გარდაიქმნებოდა. ქუჩაში თავდახრილი დადიოდა და არავის ეკონტაქტებოდა. ზურგჩანთა წარწერით "ცოდვის შვილი" კი მუდამ თან ჰქონდა. სახლში მისული, შეაღებდა თუ არა თავისი ოთახის კარებს, თითქოს იხსნიდა და კარს უკან ტოვებდა. რომ გამოდიოდა ისევ იკეთებდა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.
მუშაობა რომ დაიწყო ცოლიანი მამაკაცი შეუყვარდა. დედას გაანდო. დედამ კი თავში ხელები წაიშინა. უთხრა: "-არ გინდა დედა, ცოდვას ნუ ჩაიდენო. ის კაცი სხვისია და შენთან რომც მოვიდეს მაინც მისად დარჩება იცოდეო. შენი შვილები კი მთელი სიცოცხლე "ცოდვის შვილები" იქნებიანო". საბრალო მაშინღა მიხვდა ყველაფერს. თუმცა დედისთვის არაფერი უთქვამს. საყვედურს რაღა აზრი ჰქონდა. კითხვებიც არ დაუსვამს ყველაფერი ცხადი იყო.
უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დედა რომ გარდაეცვალა,
მარტო დარჩა. სულ მარტო. მისი ცხოვრების ხვედრი "ჩანთა" წარწერით "ცოდვის შვილი" სადღაც გაქრა. თითქოს დედამ ჩაიყოლა საფლავში.
სიმსუბუქე იგრძნო.
თავი ასწია...
ნელნელა წიგნების ფერადი სამყარო რეალობაში გადმოიტანა.
სამყაროც შეიცვალა მის გარშემო.
"საბრალო ობოლი" გახდა და ყველა მის დახმარებას ცდილობდა.
ასე გარდაიქმნა "ცოდვის შვილი", განათლებულ, კარგი მომავლის მქონე "საბრალო ობლად".
მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. სულში მას ისევ დიდი ტკივილი ჰქონდა.
Comments
Post a Comment