"გაორებისგაორებული ეფექტები
რეცენზია ქეთი ბარნაბიშვილის წიგნზე "გაორება"

 

ქეთი ბარნაბიშვილის წიგნიგაორებაბოლო პერიოდში წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ჩემი და წიგნის ურთიერთობა თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო. სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი ფეისბუქის ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში. სათაურმა მიმიზიდა და საფიქრალი გამიჩინა. ყდა ისეთი აქვს , მარტივი მისახვედრი იყო,  ადამიანის პიროვნულ გაორებასთან რომ უნდა ჰქონოდა კავშირი. ასე ვიცი ხოლმე - წიგნები თითქოს მეძახიან, თავად მირჩევენ. ამიტომ,  მალევე წიგნის მაღაზიაში ვიპოვე და შევიძინე.

პირველი ემოცია იმედგაცრუებას ჰგავდა. ვკითხულობდი და იშლებოდა ბანალური, თანამედროვე კომუნიკაციის ფორმა, ონლაინ მიმოწერები - დიდი არაფერი პერსპექტივა ჩანდა. თუმცა , მალევე მივხვდი - ავტორს ძალიან კარგი ხერხი ჰქონდა შერჩეული  პერსონაჟები გაეცნო ჩვენთვის და ამ ვითომ ყოფით დიალოგში ბევრი საინტერესო დეტალი თუ ამბავი შემოეპარებინა.

მიყვარს ავტორები,  რომლებიც ქვეტექტებით წერენ. ამბის არაპირდაპირ მოყოლა წიგნსსიღრმესაძლევს. ქეთის ავტორობის სტილზე ვერაფერს გეტყვით - მისი სხვა ნაწარმოებები არ წამიკითხავს, მაგრამ რაც შეეხებაგაორებას“, ის ნამდვილად არის ნაწარმოები ქვეტექსტებით. ამას დეტალურად არ გავშლი,  რადგან მკითხველს არ დავუკარგო ინტერესი და არ ვუკარნახო,  რა ამბები იპოვოს აბზაცებს შორის დამალული. ყველა ადამიანს თავისი ხედვა და აზრი აქვს, შესაბამისად -მათი მიგნება განსხვავებული იქნება.

პირველი შთაბეჭდილების იმედგაცრუებამ რომ გადამიარა,  დროის შეგრძნების უნარი დამეკარგა, ვკითხულობდი და სულ უფრო მეტად ვრწმუნდებოდი,  რომ ამ წიგნის შეძენა ნამდვილად ღირდა და რაც ყველაზე მთავარია - დახარჯული დრო არ იყო ტყუილად ჩავლილი.

რომანში აღწერილი ამბავი იმდენად ყოფითია , თითქოს ავტორი ნამდვილ ისტორიას გვიყვება, ეხება თემას,  რომელსაც შეიძლება ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ მას შიგნიდან. „გაორებაარის ამბების სხვა მხრიდან დანახვის მცდელობა. მე ვიტყვი,  რომ კარგი მცდელობაა. თხრობის მარტივი და ჰარმონიული მანერა, ვიზუალიზაციის ეფექტებით, ფილმის სცენარივით დაწერილი წიგნია.  

ერთი ადამიანის გაორებას ველოდი და ბევრად მეტი დამხვდა.

თამამად შეიძლება ითქვას,  რომ ავტორმა ბანალურობის უფსკრულზე გადებულ ბეწვის ხიდზე წარმატებით გაიარა და მიუახლოვდა საზღვრებს,  საიდანაც კარგი ლიტერატურა იწყება.

სიუჟეტი ერთი შეხედვით ცხადი და აშკარაა, მაგრამ კითხვის პროცესში ვრწმუნდებით , რომ ვერ გამოვიცანით, ავტორმა სხვა მხარეს წაგვიყვანა და თან ისე,  რომ ამაზე წიგნის დასაწყისშივე გაგვაფრთხილა. ბოლოს მაინც ვიფიქრებთ, რომ დასასრული ვიცით, მაგრამ არც აქ ყოფილა საქმე მარტივად.

ვუწონებ თხრობის სტილს, სიუჟეტს, მიგნებებს და ვუწუნებ დატოვებულ მოლოდინებს. დასასრულის ასეთი ფორმით ავტორმა პერსონაჟებზე საფიქრალი დაგვიტოვა და კითხვის დასრულების შემდეგაც გონებაში ხანგრძლივად დაგვრჩა.

მე ასეთი დასასრული არ მიყვარს. მირჩევნია წერტილი ავტორმა დასვას და არა მე.

 „გაორებამგაორების ეფექტი მეც აშკარად დამიტოვა.

წარმატებებს ვუსურვებ დებიუტანტ ქეთი ბარნაბიშვილს და ვფიქრობ,  ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია.



რეცენზია დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25- საერთაშორისო ფესტივალისთვის.

@Georgian Publishers and Booksellers Association / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

@Tbilisi International Book Festival / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

 

ირმა მარდალეიშვილი

Comments

Popular posts from this blog

მ ე ხ ა ნ ძ რ ე

მკითხავი

თმა